რას ნიშნავს ყველიერის კვირა?
ეკლესიამ დიდი მარხვისათვის მზადება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაიწყო. ადამიანს ეძლევა დრო იმისათვის, რომ მან კიდევ ერთხელ, ან პირველად თავის ცხოვრებაში დასვას კითხვები, როგორ განიცდის იგი საკუთარ თავს ღმერთთან მიმართებაში, ფარისეველს უფრო მეტად გავს, თუ მეზვერეს? ფარისეველს, რომელსაც საკვეხნად აქვს თავისი მართალი სარწმუნოება, თუ მეზვერეს, რომელიც გრძნობს, რომ ღმერთისადმი დიდი რწმენა და სიყვარული აქვს, მაგრამ ნათლად ხედავს და განიცდის, შემოქმედის მისდამი სიყვარული იმდენად დიდია, რომ თვალიც კი ვერ გაუსწორებია მისთვის. დავაკვირდეთ იმასაც, რომ ორივე ეს ადამიანი ტაძარში დგას.
ამის შემდეგ იწყება უძღები შვილის კვირა. აქ შემდგომი 7 დღის განმავლობაში ადამიანი ფიქრობს, ნეტა თუ ვარ ღმერთის ერთგული შვილი? ხომ არ ვარ მე წასული მამისეული სახლიდან? ხომ არ მოვთხოვე ღმერთს ერთგვარი ანგარიში და ხომ არ განვეშორე მას? რას ვაგროვებ მე ცხოვრების გზაზე? საით არის მიმართული ჩემი ძირითადი მისწრაფებები? ვარ მე ამქვეყნად სტუმარი, თუ ვიქცევი და ვფიქრობ ისე, თითქოს ეს ყველაფერი სწორედ ასეთი სახით (თორემ სახეს იცვლის სამყარო და მარადიული ფიზიკური და არა მხოლოდ სულიერი არსებობა გველის და მეტიც, ერთგვარი განაჩენიც კი არის მთელი კაცობრიობისათვის) მარადიულად იარსებებს? კითხვების დასმა შეიძლება გავაგრძელოთ. ეკლესია გვთავაზობს, რომ ამ კითხვების ხასიათი შემოიფარგლოს სახარებისეული უძღები შვილის იგავის თემატიკით.
